Friday, April 21, 2017

რაღას მოველი

გარეთ ქარი ქრის,
სულშიც ქარია!
ცოდვილ მიწაზე
რა მიხარია!
ცრემლები თვალებს
რად ასველებენ!
ფიქრები მწვავე
არ მასვენებენ!
რაღას მოველი,
რა მიხარია,
თუ ეს ცხოვრება
სულ სიზმარია!
გარეთ თუ მზეა
ვის უხარია,
თუ სულში ისევ
ტანჯვის ქარია!!!
   

პასუხად:


სიზმარს ნუ არქმევ
სიცოცხლის დენას!
სიზმარი მხოლოდ
შენა ხარ, შენა!
ქარი დაჰბერავს
ზენა თუ ქვენა,
ნებას დაჰყვები
თუ არა შენა?
რას მოსთქვამ, თვალებს
ისველებ ცრემლით?
ცხოვრება უნდა
გასჭედო გრდემლით!
სიზმარს ნუ არქმევ
სიცოცხლის დენას.
სიზმარი მხოლოდ
შენა ხარ, შენა!

რომან ღლონტი

              ...
მწუხრი შებინდების
სულში ჩამეკონა!
ლანდი სევდიანი
ტუჩზე დამეკონა!
სევდა მომეძალა
ვნებიანი ფრთებით!
ნეტავ რისთვის ვტკბებით
ამაოებით?
სულში ჩაიბუდა
შიშმა საშინელმა,
ყოფნის და არყოფნის
მომნუსხავმა გველმა.
და სულს შემოეწნა,
როგორც ხეს ლიანა
სული შავმა სხივმა
გაამზიანა!
ყოფნა აღარ მინდა
გული დამელია!
ქარზე დაირხევა
მწვანე კამელია!
ტოტი გადსტყდება
სიკვდილის წელია,
მაგრამ არყოფნაც ხომ
საშინელია!
მე მინდა რაღაც სხვა,
ვინემ სიცოცხლეა!
მე მინდა რაღაც სხვა,
ვინემ სიკვდილია!
სული გაიბზარა,
ფიქრი ამერია!
გაფრენაზე კარგი
არაფერია!!!

                         რომან ღლონტი

wirldlife

რაღას მოველი გარეთ ქარი ქრის, სულშიც ქარია! ცოდვილ მიწაზე რა მიხარია! ცრემლები თვალებს რად ასველებენ! ფიქრები მწვავე არ მასვენებენ!...